TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა
თბილისის თიზ-ში მსუბუქი მრეწველობის დარგში მომუშავე თურქული და პაკისტანური კომპანიები შევლენ

თბილისის თიზ-ში მსუბუქი მრეწველობის დარგში მომუშავე თურქული და პაკისტანური კომპანიები შევლენ

2016-07-06

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მსუბუქი მრეწველობის დარგში მომუშავე თურქული და პაკისტანური კომპანიები შევლენ. ასევე იგეგმება 6 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი საწარმოს მშენებლობა. პროექტს განახორციელებს კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ ოპერირებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თიზ-ის მმართველი კომპანიის შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომლის სახელსაც გიორგი ტაბიძე არ ახმაურებს.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში თიზ-ში ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს, რაც დაახლოებით 4-6 თვეს მოითხოვს. ტაბატაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ინვესტორების მოზიდვა ბევრად მარტივი იქნება.

თიზ-ის დირექტორი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტულ სამუშაოებში დახალოებით 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ დროისთვის კი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 28 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 2030 წლამდე შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს" კიდევ 20 მილიონი დოლარის, 2055 წლამდე კი დამატებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.

გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ თიზ-ში 95 კაცამდე უკვე დასაქმებულია, როცა კომპანიას 30 კაცის დასაქმების ვალდებულება აქვს.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მოხდება ზონის მთლიანი ფართობის, 17 ჰექტრის ათვისება, გიორგი ტაბიძე აცხადებს, რომ 3 ჰექტარი დატა ცენტრს უკვე აღებული აქვს, დანარჩენის ათვისებას კი ეტაპობრივად 4-5- წელიწადში შეძლებენ.

„ამ ეტაპზე ვინც არ უნდა შევუშვათ, შენობის აშენება 2-ჯერ ძვირი დაუჯდება, ვიდრე მოწყობილი ინფრასტრუტურის პირობებში. ასეთ დროს ძნელია ინვესტორის მოზიდვა. მაქსიმალურად ნიადაგს მოვამზადებთ, რომ გამზადებული და მოწყობილი იყოს ყველაფერი. ამის გამო გაიწელა ეს პროცესები“,- აცხადებს გიორგი ტაბიძე.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2015 წლის ბოლოს თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს" მიენიჭა.

ზონაში ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი დეკემბერში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, IT -სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა და შემოყვანა.

წინასწარი გათვლებით, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკი" Bitfury Group-ის შვილობილი კომპანიაა. Bitfury მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა ბიტკოინის Blockchain ინფრასტრუქტურის (ინფრასტრუქტურაში იგულისხმება: დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) მიმწოდებლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ტრანზაქციების ეფექტურ პროცესინგს.

Source