Tbilisi Free Zone

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვიზიტი ერევანში

2026 წლის 4–6 მარტს ერევანში გაიმართა თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამუშაო ვიზიტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათთვის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საინვესტიციო და ოპერაციული შესაძლებლობების წარდგენა.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კომერციულმა დირექტორმა გიორგი როგავამ გამართა ინდივიდუალური B2B შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან და სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლებთან.  შეხვედრების დროს დეტალურად იქნა წარმოდგენილი თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ბიზნეს მოდელი, მისი საგადასახადო უპირატესობები, ხელსაყრელი ლოგისტიკური მდებარეობა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ბიზნეს ოპტიმიზაციის მექანიზმები, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად დაგეგმონ წარმოება და განავითარონ სავაჭრო ოპერაციები რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე.

შეხვედრების პროცესში გამოიკვეთა სომხური კომპანიების მზარდი ინტერესი თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმართ, რაც ასევე აისახება საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდის ტენდენციაში.

აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის თიზ-ის როლს, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ ბიზნეს ჰაბს, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ეფექტიან პლატფორმას წარმოებისა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობის განვითარებისთვის.