Skip to main content

Tbilisi Free Zone

თბილისის თიზ-ის განცხადება გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ბოლო პერიოდში თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თბილისის თიზ-ი საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე საკითხის დაზუსტებას.

თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სანქცირებული კრიპტოკომპანიები ამჟამად თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

სიუჟეტში ნაჩვენები ობიექტი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს.
ობიექტი, რომელიც გავრცელებულ მასალებში მოქმედ ინფრასტრუქტურად არის წარმოჩენილი, დღეისათვის უმოქმედოა და დასრულებულია მისი დემონტაჟიც.

არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, სანქცირებული კომპანიების კავშირზე მაინინგ კომპანიებთან.
ამგვარი კავშირის შესახებ გავრცელებული ვარაუდები არ არის გამყარებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით და არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, კრიპტო მაინინგი თიზ-ში ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ერთ ობიექტს რომელიც მილევად რეჟიმშია და არ აქვს კავშირი სიუჟეტში ნახსენებ კომპანიასთან.

არასწორია ელექტროენერგიის ღირებულებასთან და დღგ-სთან დაკავშირებით გავრცელებული ინტერპრეტაციაც.
თიზ-ების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2007-2008 წლებიდანაა დამკვიდრებული, საქართველოდან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში პროდუქციის, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდება განიხილება როგორც ექსპორტი, შესაბამისად იგი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის დღგ არ წარმოადგენს რეალურ ხარჯს, ვინაიდან მასზე კანონმდებლობით ვრცელდება ჩათვლის უფლება. შესაბამისად, საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს დღგ-ს რეჟიმი თბილისის თიზ-ში მოქმედ კომპანიებს ავტომატურად 18%-იან უპირატესობას აძლევს ელექტროენერგიის შესყიდვისას, არასწორია.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაზე, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2023 წლიდან, ახალი მფლობელის პირობებში, თბილისის თიზ-ში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარება და მაღალი ხარისხის ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ზონაში ამუშავდა 15 ახალი საწარმო, გადამამუშავებელი და სასაწყობო პროექტი, ამოქმედდა 12 ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი და მოზიდულია 70 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია.

თბილისის თიზ-ის პრიორიტეტია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედი ინვესტორებისა და ბიზნესპროექტების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

თბილისის თიზ-ის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე სოციალური მედიის არხებზე (Facebook; LinkedIn) და აქტიურად ახლდება. თიზ-ი ასევე მზადაა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გასცეს დეტალური და გადამოწმებადი ინფორმაცია.