Tbilisi Free Zone

მსოფლიოში თავისუფალი ზონები მრავლადაა წარმოდგენილი, მათი ისტორია რამოდენიმე ათეულ წელს მოიცავს და გეოგრაფიულად გადაშლილია პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე. 

ამ ათასობით თავისუფალ ზონებს პროფილიც და ოპერირების მოდელებიც განსხვავებული გააჩნია. ძირითად, ე.წ. „ქოლგა“ მოდელს თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ის აერთიანებს ყველა ვიწრო თუ ფართო პროფილსა და საქმიანობას და მოიცავს ამა თუ იმ ეკონომიკური საქმიანობისთვის შექმნილ პლატფორმას, სადაც გარკვეული ფისკალური თუ სხვა შეღავათები არსებობს. სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობები ქმნიან სხვადასხვა ტიპის ვიწრო პროფილურ ზონებს, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო, ან ინდუსტრიული ზონები, ასევე სპეციალური ზონები.

საქართველოში ასეთი ტიპის ზონების ისტორია 2007 წლიდან იწყება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების სახით. 2008-2016 წლამდე პერიოდში საქართველოში ჩამოყალიბდა ოთხი  თიზ-ი, პირველ ეტაპზე ფოთისა და ქუთაისის, შემდგომ ქუთაისის ჰუალინგისა და თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები.

როგორც ყველა ასეთი ტიპის ახალ წარმონაქმნს, რომელსაც სჭირდება სწორი რეგულაციური პლატფორმა, როგორც საგადასახადო ისე საოპერაციო სიმარტივის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარება და ცნობადობის ამაღლება, საწყის წლებში საქართველოს თიზ-ებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამოწვევები განვითარების დინამიკის კუთხით. სირთულეებს ემატებოდა არასტაბილური რეგიონული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და ინვესტორთა მცირე ინტერესი რეგიონის მიმართ, თუმცა პოსტ-კოვიდურ პერიოდიდან საქართველოში რამოდენიმე თიზ-ი იწყებს ადგილის დამკვიდრებას რეგიონულ რუქაზე. 

დღესდღეობით ამ კუთხით შემდეგი მდგომარეობაა: თიზებში რეგისტრირებულია და ოპერირებს დაახლოებით 400-500 კომპანია, საიდანაც ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სავაჭრო სეგმენტს. კომპანიათა ეს ჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია რეგიონულ იმპორტ-ექსპორტზე რომელიც გეოგრაფიულად მოიცავს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მზარდი სეგმენტია ე.წ. მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც შედარებით ფართო არეალს მოიცავს. თიზებ-ში ასეთი ტიპის საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს შორის გვხვდება ხსენებულ რეგიონებთან ერთად ევროპული და თურქული კომპანიები. 

რაც შეეხება სფეროებს, ქართულ თიზ-ებში წარმოდგენილია მსუბუქი ინდუსტრიები, მათ შორის სამშენებლო მასალები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ფარმეცეფტიკა, პარფიუმერია, ტექსტილი და ტანსაცმელი, ელექტრონული პროდუქცია, ასევე მცირე მასშტაბის ხის გადამუშავება და ავეჯის წარმოება, ფერადი მეტალურგია, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ქართული თიზ-ები, მიუხედავად ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციებისა, ზომების და, შესაბამისად პროფილურადაც განსხვავდებიან. თბილისის თიზ-ი, რომელიც დედაქალაქშია განთავსებულია, მისი კონცენტრირებული დანიშნულებიდან გამომდინარე წარმოადგენს უფრო სავაჭრო-ლოჯისტიკურ ჰაბს, სადაც მჭიდროდაა განვითარებული სასაწყობე ინფრასტრუქტურა, ასევე წარმოდგენილია წვრილი გადამამუშავებელი ინდუსტრიები. რაც შეეხება ფოთის თიზ-ს, მისი პორტთან სიახლოვისა და ფართო ტერიტორიიდან გამომდინარე, კონცენტრირებულია უფრო მსხვილ გადამამუშავებელ პროექტებზე. ქუთაისში განთავსებულ თიზ-ებში, იქ არსებული ძველი სამშენებლო ინფრასტრუქტურებიდან გამომდინარე, წარმოდგენილია შედარებით საშუალო მასშტაბის რამოდენიმე პროექტი.

მოცულობითია იმ უპირატესობების სია, რაც მოაქვს თიზ-ების ფუნქციონირებას ისეთ განვითარებადი ეკონომიკისა და ამავდროულად სტრატეგიულ ლოჯისტიკური ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მათ შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს დასაქმება. თიზ-ები საქართველოში მოიცავს დაახლოებით 400 ჰექტარს (მათ შორის მხოლოდ ფოთის თიზ-ი 300 ჰექტარს), თუმცა ამ პატარა ტერიტორიაზე, თიზების ადმინისტრაციის აქტივობების შედეგად უკვე შემქნილია რამოდენიმე ათასი სამუშაო ადგილი. მნიშვნელოვანია ამ კუთხით არა მხოლოდ თავად სამუშაო ადგილის შექმნა, არამედ უშუალოდ ამ სამუშაო ადგიილების შექმნის შედეგად სამუშაო ძალაში უნარების და ინტელექტის ზრდა. 

ცალკე აღსანიშნავია უცხოური კაპიტალის შემოდინების ეფექტი. ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიდან დაფინანსების ხელმიუწვდომლობის ფონზე, თიზ-ში კომპანიები და ინფასტრუქტურა ვითარდება ძირითადად უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გზით, ეს კი ათეულობით მილიონი დოლარის მოხვედრას ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში. ბანკებისთვის ეს ნიშნავს ასობით ახალ კლიენტს, მეტ ბრუნვას და შესაბამისად მეტ ამონაგებს.

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნის მზარდი როლი როგორც “შუა დერეფნის”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორისა, პირადპირ ისახება თიზ-ების ფუნქციის ზრდაზე. თიზ-ში მოზიდული პროექტები ძირითადად ექსპორტისკენ არის მიმართული, რაც ხელ უწყობს ქართული ლოჯისტიკური თუ გადამზიდავი კომპანიების, ასევე პორტების და რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს ექსპორტის მაჩვენებლების ზრდის მნიშვნელობა, როგორც მოცულობითი, ისე ფისკალური კუთხით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შესაძლებელია შეჯამდეს, რომ არსებული თიზ-ების შემდგომი გაძლიერება  მხოლოდ პოზიტიურ ეფექტის მომტანი იქნება  ქვეყანაში როგორც მატერიალური დოვლათის მატების, ისე, ზოგადად ეკონომიკური განვითარების კუთხით.  შესაბამისად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და თიზ-ების მმართველ კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, როგორც კანონმდებლობის ოპტიმიზაციის, ისე ინფრასტრუქტურული და სხვადასახვა მომსახურებების უზრუნველყოფისა და ერთობლივი პრომოუშენის თვალსაზრისით.