2026 წლის 1 ივლისს თბილისის თავისუფალი ზონის (TFZ) მმართველმა პარტნიორმა იოსებ (სოსო) ნიბლაძემ მონაწილეობა მიიღო ქართულ-უზბეკური საქმიანი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა ქართულ-უზბეკური ბიზნესფორუმი, რომელმაც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გააერთიანა. ფორუმის ფარგლებში თბილისის თავისუფალი ზონის მენეჯმენტმა B2B ფორმატში შეხვედრები გამართა უზბეკეთის კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებითა და TFZ-ის ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ.
შეხვედრების მთავარი თემა იყო თბილისის თავისუფალი ზონის საინვესტიციო და საოპერაციო შესაძლებლობები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ეფექტურ პირობებს სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაძლებლობას, რომელიც უზბეკეთის კომპანიებს აძლევს საქართველოში განათავსონ საწარმოო, სავაჭრო და ლოჯისტიკური ჰაბები.
TFZ-მა მონაწილეებს წარუდგინა თავისუფალი ზონის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საგადასახადო უპირატესობები და ოპერირების მოქნილი პირობები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს საშუალებას აძლევს საქართველოში გადაამუშაონ ნედლეული ან ნახევარფაბრიკატები, შექმნან დამატებული ღირებულება და მზა პროდუქცია შემდგომ ექსპორტზე გაიტანონ ევროკავშირის, რეგიონისა და სხვა საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.
შეხვედრებისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა FMCG-ის, ფარმაცევტიკის, ტექსტილის, საერთაშორისო ვაჭრობის, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის სექტორების მიმართ.
ბიზნესფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და თბილისის თავისუფალი ზონის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოების მიმართულებით.